გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ენმ-ის კლონების შექმნასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ეხებოდა.
“როგორც ვიცით, ორშაბათს აპირებს ნიკა მელია პარტიის დაფუძნებას და პოლიტიკური ხედვების წარმოჩინებას და მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სტატუსი გამოყენებული. რაც შეეხება მიკვირს თუ არა, ცხადია, შინაარსი არ მიკვირს. იმიტომ, რომ ყველა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ხმები წაიღოს, მიხეილ სააკაშვილის უშუალო კონკურენტი იქნება კონკრეტულად ამ არჩევნებზე. ამიტომაც ის, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ცხადია, შეეცდება, რომ არც ერთი ხმა ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაკარგოს.
მას [მელიას] აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, შექმნას პარტია, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ ის არის ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ, რომ ამით წამოვიდა ის ნაციონალური მოძრაობიდან”, – თქვა კობერიძემ.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო ნაციონალური მოძრაობის კლონები, რაც წარუმატებლად დასრულდა.