ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის, “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გიორგი გოგიაშვილთან ერთად, ასევე, დაიღუპა ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი, რომელიც უკრაინაში დაკრძალეს. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად, დაიღუპნენ.
„გიორგი გოგიაშვილს, 21 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.