პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დავით არახამიას განცხადებამ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე “დაადასტურა” ის, რასაც ამბობდნენ.
“ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, რაც ძალიან დასანანია”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, ოცნების ხელისუფლება მყარად უჭერს მხარს უკრაინას და სოლიდარობას უცხადებს, რაც სიტყვების გარდა, ქმედებებშიც გამოიხატება.
“როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი განცხადება, ეს ამყარებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა არის დღეს მძიმე მდგომარეობაში, უკრაინელი ხალხი ომის მდგომარეობაშია”, – განაცხადა კობახიძემ.
მან მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის გაღრმავებას.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, “ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია”, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს ენმ-ს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც მთავრობა “დამნაშავეებს” უწოდებს და რომლებიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ამის საპასუხოდ ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ საქართველოსთან “ურთიერთობის ნორმალიზების” სამი პირობა დაასახელა, ეს პუნქტები გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტასა და რუსეთისთვის სანქციების არიდების ნაწილში დახმარების შეწყვეტას.