კობახიძის სიძემ “ტვ პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, რომელიც ასევე, პრემიერის, ირაკლი კობახიძის სიძეა, “ტვ პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. იგი ტელეკომპანიისგან 15 450 ლარის ჩარიცხვას მოითხოვს.
აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი ტელეკომპანიამ 26 ივლისს მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიამ ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს დაკისრებული თანხა.
უწყება ტელევიზიას აფრთხილებს, რომ მათ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დაყადაღდება საბანკო ანგარიშები, აღიწერება, დაყადაღდება და შეფასდება მათივე საკუთრებაში არსებული ქონება.
2023 წლის მაისში დავით ფაცაციას სარჩელი ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
დავით ფაცაცია სასამართლოში სადავოდ ხდიდა მედიაში გაჟღერებულ იმ განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში. ამ განცხადებების თანახმად, „არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე“, დავით ფაცაციამდე მიდის.
დღესვე, 26 ივლისს თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მ მიმართა “ტვ პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს. ისიც სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.
2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების“ წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. ეს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეცვალეს.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს მოთხოვნები და ისინი ვალდებული არიან, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
“ტვ პირველის” წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნას “საგანგაშოდ” მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
“ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშნველოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, აღნიშნული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას. იგი გააგრძელებს სხვადასხვა ხელოვნური, მათ შორის, ფინანსური ბარიერების შექმნის გზით, ხელი შეუშალოს მათ გამართულ ფუნქციონირებას”.
ფორუმი