„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პასუხობს სადავო პარლამენტის დეპუტატების კითხვებს, უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ახალი მიდგომით, სახელმწიფო უნივერსიტეტები „პროფილური“ გახდება და მასში სწავლა უცხოელებს არ შეეძლებათ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტს აეკრძალება უცხოელი სტუდენტების მიღება, მისი დანაკლისი 80 მილიონი იქნება, საიდანაც „5 მილიონს დაიკომპენსირებს“.
„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ხდება რა – სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა, ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წარადგინა ე.წ. განათლების რეფორმა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ “ქართულ ოცნებას” აქვს “ამბიციური მიზანი”, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
“ქართული ოცნების” მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ფორუმი




