„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ბევრი საქმე აქვს და შეიძლება, საქართველოსთვის ჯერ დრო ვერ გამონახოს, თუმცა გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით.
„გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას. შიდა საქმეები მოსაგვარებელია, არის ომის დამთავრების საკითხი. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„დიფ სთეითით“ ჩაანაცვლა „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია” — ეს არის „ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია არაფორმალური გავლენის შესახებ, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც გავლენა მთავრობებზე, პოლიტიკურ სპექტრზე, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებზე მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს „ქართული ოცნება“ ვაშინგტონში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC), რომლის ანალოგსაც ბუდაპეშტში ბოლო ორი წელია ესწრება, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „სხვა ფორმატია“. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე უნგრეთში კვლავ იქნება წარმოდგენილი
მანამდე „ოცნება“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის თარიღად დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ასახელებდა და ამბობდა, რომ „ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე“.
