კობახიძის თქმით, “რელიგიური ნივთების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა “რელიგიური ნივთების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ეს განცხადება მან ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.
“როდესაც [ეკლესიაზე] თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს იძენს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს ჩვენი ჩარევაც არის ხოლმე აუცილებელი. ამ შემთხვევაში, იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. […] საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. […] ჩვენ დავაანონსეთ კიდეც, ანრი ოხანაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და ვთქვით, რომ კანონპროექტზე დაიწყება მუშაობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს რელიგიური გრძნობების, ტაძრების შეურაცხყოფა.
აქედან გამომდინარე, ეს თემა ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ეს ვანდალიზმის აქტი სამების ტაძარში. შესაბამისად, ნებისმიერ კონფესიასთან მიმართებით, ეს არ შეეხება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, ნებისმიერ ეკლესიასთან, რელიგიასთან მიმართებით, თუ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და ა.შ. საკითხი უნდა მოწესრიგდეს. შესაბამისად, დაწყებულია უკვე კანონპროექტზე მუშაობა, ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე პროცესში”, – თქვა მ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ “ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს იქნება სადამსჯელო ინსტრუმენტი მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან”, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ “ვანდალებს სჭირდებათ დასჯა”.
“ვანდალებს სჭირდებათ დასჯა. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს. ამისთვის არის კანონი, სადაც იქნება რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მცდელობა. თან, პირდაპირ ვთქვით, რომ ავიღებთ საუკეთესო პრაქტიკას, ავიღებთ დასავლურ, ევროპულ გამოცდილებას და ამის მიხედვით მომზადდება ეს კანონპროექტი. ყველას შეუძლია ჩაერთოს კანონპროექტის მომზადებაში და თავად შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი კონკრეტული არგუმენტირებული მოსაზრებები თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. კანონპროექტი მომზადდება კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი”, – ამბობს კობახიძე.
ასევე, ჟურნალისტმა ჰკითხა კობახიძეს, ხომ არ იქნება კანონპროექტი აღქმული, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაზეც მმართველი გუნდის თავმჯდომარემ თქვა, რომ “ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, თუმცა ეს შეზღუდვა განხორციელდება თანაზომიერად”.