პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა ხელისუფლების წევრებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები აშშ-ის ვიზის გაუქმების შესახებ.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი — ეს ერთი და მეორე, როცა თემა არის არასერიოზული, ასეთ თემას ჩვენ დიდად ვერ ჩავუღრმავდებით“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის შეფასებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციებზე საუბარი არის „აბსოლუტურად არასერიოზულია“.
„თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციები. თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა [სავიზო შეზღუდვები] და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო. [რეპუტაციულად ] დამაზიანებელი იყო მხოლოდ ამერიკისთვის, ჩვენთვის – არა. როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს დაუწესეს შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში“, — განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 3 ივნისის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ს ჯერ არ გამოუცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და თუმცა არ იყოყმანებს მათ სანქცირებაზე.