“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 27 მაისს, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის – ლიდერების ერთობლივ განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელშიც გამოხატულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.
მისი შეფასებით, ერთია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს “ეტიკეტისა და პროტოკოლის” დაუცველობაა, ამასთან კობახიძის თქმით, “ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო”.
კობახიძისვე თქმით, “ვაიმარის სამკუთხედის” ლიდერების ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოზიცია იმის საწინააღმდეგოა, რაც მან ალბანეთში შეხვედრისას გამოხატა.
“რაც შეეხება მაკრონს, მე რაც მითხრა მან ალბანეთში, არის თავისი არსით წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ”, – თქვა კობახიძემ მედიასთან საუბარში დიასპორის დღის აღსანიშნავი ღონისძიების დასრულების შემდეგ.
მანამდე, გუშინ, 26 მაისს, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკის გვერდზე “სამარცხვინო” უწოდა „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებას.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩამოთვლიან ნაბიჯებს, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას:
“გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება ასე სრულდება:
“საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.
“ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის შემდეგაც არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის” გამო და მოუწოდებიათ მისთვის “მოქმედებათა კურსის შეცვლის”, ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და რეფორმების განახლებისკენ.
რაც შეეხება 16 მაისს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში კობახიძისა და მაკრონის საუბარს. ტელეკომპანია „იმედმა“ გავრცელებულ 20-წამიან ვიდეოში, რომელშიც ჩანდა, მაგიდასთან მჯდარ კობახიძეს როგორ ადებს ზურგზე ხელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მისასალმებლად ხელს უწვდის და მოიკითხავს.
მოგვიანებით მედიასთან საუბარში კობახიძემ განმარტა, რომ „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას“.
ფორუმი
