კობახიძის თქმით, მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ამტკიცებს, რომ მათ, ვინც პროტესტი გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო, გააზრების პრობლემა აქვთ. ასე უპასუხა მან კითხვას მოქმედი თუ ყოფილი ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს 130-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი განცხადების შესახებ, რომლითაც ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
“ზოგადად, ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრების და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა”, – განაცხადა კობახიძემ.
დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომელთა გააზრების უნარის დაწუნების შემდეგ, კობახიძემ იგივე გაიმეორა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათობით მოქალაქეზე. უფრო ზუსტად, მან თქვა, რომ შესაძლოა ათასობით ადამიანმა ისე გააპროტესტა “ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ განცხადება არ წაუკითხავს. ან წაიკითხა, მაგრამ ვერ გაიაზრა.
ამის შემდეგ კობახიძემ კვლავ გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და განაცხადა, რომ მოქალაქეებისა და დიპლომატებისგან განსხვავებით, არ ჰგონია, რომ მას გააზრების პრობლემა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, კობახიძე ჰერჩინსკის პირდაპირ მიზანმიმართულ, არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
“კარგად შეგიძლიათ წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი, ან თუ წაიკითხა, შეიძლება ვერ გაიაზრა, მაგრამ მე არ მგონია, ევროკავშირის ელჩს ჰქონდეს წაკითხულის გააზრების ასეთი პრობლემა. როდესაც ბრიფინგის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგული; როდესაც პირდაპირ წერია, რომ ოთხი წლისთავზე ჩვენ გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი; როცა წერია ბრიფინგის ტექსტში პირდაპირ, რომ ჩვენ ოთხი წლისთავზე გვექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რა უნდა ამის გააზრებას – წაკითხულის ან მოსმენილის გააზრებას?! როდესაც ამას შეგნებულად არ იაზრებს ევროკავშირის ელჩი, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამით აგრძელებს იმ წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელიც დაიწყო თავის დროზე და, როგორც ჩანს, მას აქვს იგივე დღის წესრიგი. ეს უნდა შეიცვალოს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ დიპლომატიურ რეაგირებაზე, რომ ქცევის ცვლილება არის საჭირო”, – განაცხადა მ.
მთელი ბრიფინგის განმავლობაში კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ისინი, ვინც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, გააზრების პრობლემა აქვთ.
რას (არ) გულისხმობს “ქართული ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ნაცვლად იმისა, რომ “ოცნებას” მისსავე ქმედებებით გამოწვეული პროცესის განახლებაზე ეზრუნა, პირიქით, გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ოთხი წელი არ დააყენონ.
ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს გაწევრიანების მთელი პროცესის შეჩერებას ფორმალურადაც. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით კობახიძე არღვევს მის მიერვე შეცვლილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს – “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც “ოცნების” სხვა ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ მოლაპარაკების გახსნის საკითხის გადავადება ოთხი წლით არ ნიშნავს მთელი პროცესის შეჩერებას. პირიქით, ისინი პასუხისმგებლობას კვლავ ევროკავშირს აკისრებენ და ამბობენ, რომ თუ დათქმების შეუსრულებლობის, დემოკრატიის უკუსვლისა და გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ევროკავშირი მოლაპარაკებებს საკუთარი ინიციატივით გახსნის, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან.
ამავე თემაზე:
· EU-ში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს — ჩეხეთში საქართველოს ელჩი „ოცნების“ გადაწყვეტილებების შემდეგ
· ჟირინოვსკის პარტიის ლიდერი აქებს „ოცნებას“ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების გამო
· „ვიცით, რომ არ დანებდებით“ – ლანდსბერგისი ქართველ ხალხს