„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ამავე პარტიის დამტკიცებული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად სარჩელს შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრის დროს მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ მოიაზრებს: „ნაციონალურ მოძროაბას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „გახარიას საქართველოსთვის“.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად დაედება პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოპოვებული ინფორმაცია.
„კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში…
ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო – ამ შედეგებს არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოში კი არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ამ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ორი პოლიტიკოსი, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროში არიან – მათ გირაო არ გადაიხადეს. გირაოს გადახდას არ აპირებს არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელია.
ფორუმი
