„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.
„იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ მოქმედებს. მთლიანობაში, წლიურ ჭრილში, დანაზოგმა შეადგინა სახელმწიფო საწარმოებზე 700 მილიონ ლარზე მეტი“, — განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, შეიცვალა თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და კურატორები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში მოქმედ საწარმოებში, რკინიგზაში და სხვაგან.
„ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22,6 მილიონი ლარის დანაზოგი. რაც შეეხება სხვა კადრების ოპტიმიზაციას, — აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებაზე და ა.შ., — ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 348,6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება“, — განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად 2 641 000 დაიზოგა, თავდაცვის სამინისტროში — 6 463 000 ლარი.
„ეს არათუ არ შეასუსტებს სამინისტროების საქმიანობას, არამედ ხელს შეუწყობს, გააუმჯობესონ ეფექტიანობის ხარისხი“, — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2 მილიონი ლარი დაიზოგა მთავრობის ადმინისტრაციაში.
„ყველა სახელმწიფო უწყებაში და საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს — და არცთუ ისე მცირე იყო მათი რაოდენობა, — მიეღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ მრავალი მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება მოგვცა“, — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება და 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ.
