საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „ქართული ოცნების“ მთვრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიწვევით მივიდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, რადგან, როგორც ის ამბობს, „დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის“:
„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს რაც შეეხება, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიპ სტეიტი“ აშშ-ში“.
ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს, 2024 წლის 30 ნოემბერს, პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, რომლის დაშლასაც „ქართული ოცნება“ ცდილობდა, აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. „აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“ ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.
აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 მარტს გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ფოტოებში მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილი იღიმოდა.
ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საელჩომაც. მასში ეწერა:
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ირაკლი კობახიძემ მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა – აქციები 100 დღეზე მეტია უწყვეტად გრძელდება.
