“ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა, რომ თვის ბოლომდე მთავრობა განათლების ახალ რეფორმას წარადგენს.
მისივე თქმით, მთავრობას შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას სისტემა, რომლის პირობებშიც “ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად”.
„ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითად პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით. სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას,“- თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ შარშან დააანონსა ფუნდამენტური რეფორმა განათლების სისტემაში „ლიბერალური ტენდენციების“ აღმოსაფხვრელად, რაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცვლილებასაც.
2025 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია შექმნა.
„4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი დღეს დამაკმაყოფილებელი არ არის.
