მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. დავით ბოჭორიშვილის დაბარება უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ბუდაპეშტში გაკეთებულ განცხადებას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვყენებული.
“მოლდოვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მოლდოვაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების სერიის გამო. მას ინფორმაცია მიეწოდა მოლდოვის მხარის სიღრმისეული უკმაყოფილების შესახებ გამრუდებული და არათანმიმდევრული მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის საჯარო გამოსვლებში განიხილავს მოლდოვის რესპუბლიკის ევროინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს თანამშრომლობითი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა, ასევე მიზნები, რომლებსაც ჩვენი თითოეული ქვეყანა მისდევს ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა იყოს უპირატესი”, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, ბუდაპეშტში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების გამოძიება ურჩია დასავლელ კრიტიკოსებს და ქართველი ოპოზიციონერებს – მათი მოთხოვნის საპასუხოდ, ჩატარდეს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.
“თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები, მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?“ – თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ “საქართველოში არაფერი მასობრივად არ დარღვეულა”.
ამასთან, მან საქართველოსა და მოლდოვის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი.
“მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს მოლდოვის და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ცალსახა უსამართლობაა”, – თქვა კობახიძემ.
მსგავსი შინაარსის განცხადება ქართული მედიის რამდენიმე წარმომადგენელთან კომენტარში ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს გააკეთა ბაქოშიც, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენციაზე იმყოფებოდა.
მოლდოვაში 3 ნოემბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში.