რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიას “ერთ-ერთ ყველაზე არასერიოზულ ევროპულ სტრუქტურას” უწოდებს. მისი აზრით, ის “გლობალური ომის პარტიის ინტერესებს” ემსახურება.
ეს განცხადება მან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას გააკეთა, რომელმაც ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონული და რეპრესიული ცვლილებები გააკრიტიკა.
“რეალურად, ნახავდით, რომ საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ ამ მოთხოვნას. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა საკუთარი განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.
ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე შეიწერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ვენეციის კომისია ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონულ და რეპრესიულ ცვლილებებზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია კანონში ცვლილებებს გადაუდებელი პროცედურით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოს მოთხოვნით აფასებს.
ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება. ასევე, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ნიღბების ტარება და ლაზერის გამოყენება.
ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, კანონპროექტები დაჩქარებულად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული.
ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად
