„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების შესახებ ამბობს, რომ საბჭოური მიდგომაც კი ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური იყო, ვიდრე ევროკავშირის.
„აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, — მე მგონი, ეს დასახელდა მიზეზად, — ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით?! ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა. მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
მას არ დაუკონკრეტებია, შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე იყო თუ არა ის, ვისი დელეგაციაში ყოფნის გამოც თქვა ევროკავშირმა უარი 21 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ დიალოგზე.
„ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ეს ყველაზე მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი კი არ უნდა წამოვიდეს, ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს. რა თქმა უნდა, ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით“, — თქვა კობახიძემ.
გამოცემა „რეალპოლიტიკამ” 18 ნოემბერს, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა „ოცნების” ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.
ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ შეხვედრა გადადებულია „ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო”.
„ამ ეტაპზე დიალოგი გადაიდო ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო. ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ შეხვედრა ამ კუთხით, რათა წარმოვაჩინოთ ევროკავშირის პოზიცია ადამიანის უფლებებზე”, – მისწერა „ნეტგაზეთს“ ანიტა ჰიპერმა.
თბილისმა განაცხადა, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე საქართველოსთან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განიხილავს სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას.




