ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო ფილმს “ტყუილ ინფორმაციას” უწოდებს და ტელევიზიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ის ამტკიცებს, რომ “თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია – BBC-ში სტანდარტების დონე ძალიან დაბლაა დასული”.
“სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, BBC – საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით – მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, რაც არის სამწუხარო და დასანანი.
ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში – როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, დანარჩენზე არც ღირს კომენტარის გაკეთება”, – ამბობს ის.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.




