კობახიძე: 2011 წლამდე გაცემული პირადობა ძალას დაკარგავს, თუმცა დარჩება 500-მდე ადამიანი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ამბობს, რომ არაელექტრონულ პირადობებთან დაკავშირებით ევროპელი სოციალისტების ინიციატივას მხარს დაუჭერენ, თუმცა გარკვეული დათქმით. ამის შესახებ მან მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა
ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რომელთაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა, კობახიძის განმარტებით, ასეთი პირადობის მოწმობების რაოდენობა დავა მინიმუმამდე. ეს დაახლოებით 200 ათას არაელექტრონულ პირადობის მოწმობას შეეხება.
როგორც მ აღნიშნა, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, ანუ იქამდეა გაცემული, ვიდრე ელექტრონული პირადობის მოწმობები ამოქმედდებოდა. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელთაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები ექნებათ, 500 იქნება.
“დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. არიან მოქალაქეები, რომლებსაც ლეგიტიმურად აქვთ არაელექტრონული პირადობის მოწმობები. ევროპელი სოციალისტების ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას. რაც უნდა დარჩეს ასე, ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ოღონდ ამასთან ერთად შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა გაუქმდება, რომელიც გაიცა 2011 წლამდე, შესაბამისად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, პრაქტიკაში დარჩება, მაქსიმუმ, 500”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2011 წლის შემდეგ რელიგიური მოსაზრებების გამო არაელექტრონული პირადობის მოწმობა 64-მა ადამიანმა აიღო, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც, პირობითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებენ ახალ პირადობას.
“მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ასეთი არის დაახლოებით 200 ათასი პირადობის მოწმობა. ესენი დაკარგავს იურიდიულ ძალას, თარიღზე შევჯერდებით, ვთქვათ, პირობითად, პირველი მარტიდან. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. აქედან გამომდინარე, შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება 500 კაცი. არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, არის საქართველოში დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ იღებს პირადობის მოწმობას”, – აღნიშნა კობახიძემ.