კობახიძე 2008 წელზე: მთავარია, „ნაცმოძრაობის“ ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგვისტოს ომის 16-წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარში ყურადღება გაამახვილა 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
„’ნაცმოძრაობამ’ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი… მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, ‘ნაციონალური მოძრაობის’ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – თქვა ირაკლი მ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა სამართლებრივი გზების გამოყენებას აპირებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, ‘ნაციონალური მოძრაობის’ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – თქვა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში რუსული პროპაგანდის ნაწილია:
„რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს ს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული“.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ასევე დაგაინტერესებთ