კობახიძე 17 ქვეყნის საგარეო უწყების წერილზე: დეზინფორმაციით არის გაჯერებული, დასანანია

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ეხმაურება 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის იმ ერთობლივ წერილს, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ივანიშვილის მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკა და ნაბიჯები.

კობახიძე აღნიშნულ წერილს “დეზინფორმაციით გაჯერებულს” უწოდებს და ამბობს, რომ მასში მოცემული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება.

“ოცნების” პრემიერი ირწმუნება, რომ ევროპაში არაფორმალური მმართველობა მძლავრობს და დაამატა, რომ ამგვარ წერილებში “ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს.”
“დეზინფორმაციით არის გაჯერებული სამწუხაროდ, ეს წერილი. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას – აბსოლუტურად აცდენილია ის შეფასებები სინამდვილეს, რასაც წერილში ვკითხულობთ. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მარალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო

რაც ითქვა ჩვენი მხრიდან წერილში, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს, სამწუხაროდ, წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი და ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს, მათ შორის, ასეთი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო”, – განაცხადა კობახიძემ.