ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებს გამოეხმაურა და ირწმუნება, რომ მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა.
“ზოგადად, ინგლისი, ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა”, – ამტკიცებს კობახიძე.
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა რადიოთავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი.