„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზია – CCTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხით საქართველოს „ზოგიერთი ძალა“ აშანტაჟებს და ამ გზაზე ქვეყანას ხელოვნური ბარიერები ექმნებოდა.
“ქართული ოცნების” პრემიერის სიტყვებით, არ შეუძლიათ დაშვება, რომ “ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს”.
“კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც.
რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა”, – ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტების თარგმანს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ტექსტში მითითებულია, რომ საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა – „რომელიც უარყოფილ იქნა“.
გაწევრიანების შესახებ 2022 წლის დასაწყისში შეტანილი საქართველოს განაცხადი ბრიუსელის მიერ უარყოფილი არ ყოფილა. შემდგომ პერიოდშუი, ევროკავშირის სტრუქტურები და ლიდერები მუდმივად მიუთითებდნენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეფერხებას ვალდებულებების შეუსრულებლობა განაპირობებდა.
ახლახან კობახიძემ განაცხადა, რომ არ სურთ გახდნენ „ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“ და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანია – “შემობრუნებული ევროკავშირის” წევრობა.
4 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ასახავს “სერიოზული შეშფოთებას” – საქართველოში სიტუაციის “მკვეთრი გაუარესების გამო“.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება… ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა 4 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
ბრიუსელში, 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, მედიის შეკითხვის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ უკვე შეეჩვივნენ “დეზინფორმაციულ პროპაგანდას” “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან.
“უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა, რომელიც თავისი არსით კიდევ ერთხელ მოწმობდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც გახდა პირველი გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც მოუწოდებდა, შეეცვალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიისთვის დესტრუქციული მსგავსი ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ამ ქმედებების გამწვავებას ვხედავთ ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმით“, – განაცხადა ჰიპერმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, მისი კაბინეტის ხუთ წევრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, 3 ნოემბერს გაემგზავრა ჩინეთში, შანხაიში – სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იმპორტის ყოველწლიური გამოფენის გახსნაში. კობახიძე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს. “ქართული ოცნების” სამთავრობო დელეგაციამ გამართა სხვა შეხვედრებიც ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თურქულ საერთაშორისო მედიასთან (TRT WORLD) ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ ჩინეთი „ერთადერთ მშვიდობიან ზესახელმწიფოდ“ მოიხსენია.
ფორუმი




