საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მზადაა, შეხვდეს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ყველა დაინტერესებულ პირს და გაუზიაროს ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.
„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე. მათ შორის, ექნებათ საშუალება, ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი.
„ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია, დღეს მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ. აქ აშენდება ტაძარი. ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვნის ცხედარი დაკარგულად ითვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, შოვში განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, დასკვნის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.