ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშფოთებს ტენდენციები, რასაც “ევროპაში ვხედავთ”.
მისივე თქმით, “ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ამას”.
ოცნების პრემიერმა განმარტა, რომ საუბარია პირველი – ეკონომიკურ მძიმე ტენდენციებზე და მეორე – ტენდენციებზე, რომელიც უკავშირდება “ევროპული იდენტობის დაკარგვას”.
“ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში. ეს არის, პირველი, ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე – ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას… სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით. აქ, საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხე. ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება”- თქვა კობახიძემ.
დღეს ქართული ოცნების სატელიტმა “საზოგადოებრივი მოძრაობა” – ერთიანი ნეიტრალური საქართველომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც მათი მტკიცებით, “გამოარკვევს”, უნდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება.
სატელიტი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ვატო შაქარიშვილია.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის გამო ქართულმა ოცნებამ უნდა გადახედოს 2030 წლისთვის EU-ში გაწევრიანების გეგმას.