: ქვეყანაში ერთი ინჟინერი არ არსებობს… ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად

ირაკლი კობახიძის პასუხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მოწინააღმდეგებს – “ოცნების” პრემიერი ირწმუნება, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება “ერთგვარ გერად იქცა და როცა საჭიროება დგება, ქვეყანაში ერთი ინჟინერი არ არსებობს”.

კობახიძის მტკიცებით, სინამდვილეში არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება არ ხდება.

ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში.

არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა რა?! 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. თქვენ რომ ნახოთ გამოშვება მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულება და ა.შ. წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება. არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში.

საჯარო და კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ტექნიკური მიმართულებები, არა თუ უნდა, მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გავაძლიეროთ. დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება არის დაახლოებით, 10%. ამ დროს, რომ ნახოთ განვითარებული ქვეყნები, მესამედია დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად, შესაბამისადვე, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრი და ბევრად მეტი მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა. ჩვენ გვაქვს გააზრებული და ოპოზიცია გამოდის ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

პარასკევს, 6 თებერვალს, მინისტრ გივი მიქანაძესთან თსუ-ს და სტუ-ს რექტორატის და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე საუბარი შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ