პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს “ნამდვილად სჭირდება გადახედვა”.
ის საუბრობს “რევოლუციის მცდელობებზე” და ამბობს, რომ სწორედ ეს მიანიშნებს ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე.
ის მორიგ ჯერზე აკრიტიკებს საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს კელი დეგნანს და ამბობს, რომ “წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, რასაც გამოსწორება სჭირდება”.
“გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, იგივე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ, რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მესამე მცდელობა წინა კვირების განმავლობაში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ამერიკული ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას. რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის, ამერიკელი ხალხის ინტერესში, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.
მე არ ვიცი რატომ იყო რევოლუციის ორი მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს, არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში, ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ მათ შორის ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როცა მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები”, – ამბობს კობახიძე.