ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უნგრეთში ვიზიტისას ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს.
“რა თქმა უნდა, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მგონია, რომ დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ დაგვიდასტურეს ეს ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთი ზოგადად, არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის ძალიან მყარი პოზიცია.
გარდა ამისა, უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით და მათ შორის მოლდოვასთან მიმართებით”, – ამბობს კობახიძე.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.