პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის გამოძიება და ოლივერ ვარჰეისთან მისი სატელეფონო საუბარი, რომელიც მაისში შედგა, ერთმანეთს დაუკავშირა და თქვა, რომ ევროკომისიისგან ტერაქტზე გაფრთხილება მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს.
კობახიძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია “უაღრესად შემაშფოთებელია” იმის ფონზე, რომ ორი ტერორისტული აქტი უკვე განხორციელდა სლოვაკეთში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე და აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე.
“ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია.
თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს “კილერები” ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი “მესენჯერი”, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს. […]
აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი”, – თქვა კობახიძემ.