კობახიძე სახელმწიფო საწარმოების „სრულფასოვან რეფორმირებას“ აანონსებს

ირაკლი აცხადებს, რომ სახელმწიფო იწყებს თავისი საწარმოების სრულფასოვანი რეფორმირების პროცესს „ხარჯთეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“. მაგალითად მან დაასახელა რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში „ოპტიმიზაცია“, რამაც, მისი თქმით, ბიუჯეტს წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაუზოგა.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში „განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა“.
როგორც მან 3 ივნისს მთავრობის სხდომაზე განმარტა, საუბარია საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებზე: სახელმწიფო ელექტროსისტემა, „საქრუსენერგო“, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „ენგურჰესი“.
კობახიძის თანახმად, აღნიშნულ კომპანიებს მთავრობამ დაუსახა „კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით“ და პირველადი მონაცემები მიიღო:
„რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში… ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში კი დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი. ჯამში – 52,5 მილიონი ლარი“, – განაცხადა მან.
„ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სსიპებს, შპს-ებს, შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით“.
„ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, – თქვა მან.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა, რის შემდეგაც განაცხადა:
„ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები“.
მისივე თქმით, „სრულფასოვანი რეფორმა“ გულისხმობს „მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას“.
„ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, – განაცხადა მ.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო, თუმცა თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში, „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, შემდეგ კი – რკინიგზაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურნმა 2024 წლის ნოემბერში ქართულ ბიზნეს მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც 2023 წელს საქართველოში IMF-ის პროგრამის შეჩერება მოჰყვა [სავალუტო ფონდის პროგრამა $280 მილიონის მოცულობით 2023 წელს შეჩერდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაძლია ს ვეტო ეროვნული ბანკის კანონზე – შედეგად ცენტრალური ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა].
აზურნის განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკა და მისი მაჩვენებლები საშუალოვადიან პერიოდში დიდწილად იქნება დამოკიდებული ხელისუფლების უნარზე, რომ დააჩქარონ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“.
ფორუმი