კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, “დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიპ სტეიტის“ გავლენით”

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, დღეს, 8 ოქტომბერს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, -ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, “დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა “დიპ სტეიტის” გავლენით”, რისი “მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა”.
“ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი მოწოდება… თუ სურთ დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ. ეს უნდა დაამტკიცონ ქმედითი ნაბიჯებით და პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოს დამხობის მცდელობის დაგმობა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან”, – თქვა მ.
კობახიძის ეს პასუხი შეეხებოდა დასმულ შეკითხვას, აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, რომლებიც უკავშირდება „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ ბრალდებებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.
ირაკლი კობახიძემ მანამდეც და დღესაც ბრიფინგზე გაიმეორა, რომ ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში არ “დაუბარებიათ”, ეს დიპლომატიური ზომაა, რაც არ მომხდარა თამარ ტალიაშვილის შემთხვევაში – “მას შეხვედრა სთხოვეს”. მისი სიტყვებით, ეს ტალიაშვილმა ქართულ მხარეს თავად უთხრა.
“ჩვენი ელჩი აცხადებს, რომ დიპლომატიური ზომა – დაბარება – არ იყო გამოყენებული. მას სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში”, – თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარებამდე, კობახიძემ უპასუხა, რომ ამერიკულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებდა განცხადებაში, კობახიძემ უპასუხა:
“იყო საუბარი პენსიების გამოყენებაზე არეულობის დაფინანსებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას, მაგრამ არის სხვა თემები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები”.
და დააკონკრეტა:
“არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული (წინა ადმინისტრაციის პირობებში. რედ.) ამაზე თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს, გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, როგორც ამერიკაში ისე ევროკავშირში… წყარო არის ბანგკოკი. ამერიკული წყაროა. ამ წყაროებიდან ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც არიან პირდაპირ ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ამაზეა საუბარი და მეტზე არაფერზე… სამი ქალბატონი იყო, რომლებსაც ჩაერიცხათ პენსია და ერთ-ერთს მე პირადად ვიცნობ და ის არ დაუშვებდა საკუთარი პენსიის გამოყენებას რევოლუციისთვის”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა.
· შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
· 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
ფორუმი