პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ქარდები “გაუგებარია”. იგი ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდებს, თავისი თანამშრომლების საქმიანობაში “ჩაიხედოს”.
კობახიძე ამტკიცებს, რომ საელჩოს თანამშრომლები სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ.
“ეს ქარდები არის ცოტა გაუგებარი, არ ვიცი, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. ნუ, დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა, ეს არის, რა თქმა უნდა, საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის, იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტიული ღონისძიების შემდეგ.
აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციასთან საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.