პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტის ადგილას “სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადმოიტანდა” ენმ-სა და სალომე ზურაბიშვილის ალიანსად აფასებს.
კობახიძე ამბობს, რომ “ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს”.
“ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის ნაცმოძრაობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ასევე, ალიანსი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, არც ასე, არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია”, – თქვა კობახიძემ.
“ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისაც, მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები.
მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს არ გვაძლევს, უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ. მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს არ გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები, ისევე როგორც, მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისადმი ჭკუის დარიგებას. უბრალოდ, გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში. შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს ცოტა, გვერდიდან როცა უყურებ, თავისუფლების მოედანი დაპატარავდა და სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, სადაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი, რომლის გავსებაც შეგვიძლია, შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, მხარს დავუჭერ”, – განაცხადა სააკაშვილმა.