„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობაში არ იცოდნენ, „რა მისამართიდან მოდიოდა“ გზავნილი – რომელიც, საელჩოს ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ეკუთვნოდა და განკუთვნილი იყო მილიარდერი ექსპერმიერისადმი, ბიძინა ივანიშვილისადმი.
კობახიძემ ეს გზავნილიც დაუკავშირა „დიპ სტეიტს“ – რასაც წარსულში „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებდა და ტერმინი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების წინა პერიოდში შეცვალა.
„ამერიკულ გზავნილს რაც ეხება, – ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი და გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც „დიპ სტეიტის“ გავლენით“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში 21 ივლისს.
რა განაცხადა ელჩმა დანიგანმა?
· ელჩმა რობინ დანიგანმა 3 ივლისს რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან.
· მისი თქმითვე, სწორედ მარკო რუბიომ სთხოვა, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო. ეს იყო ელჩის ბოლო ინტერვიუ საქართველოში.
· „ამასობაში, სანამ ჩვენ [დახურულ კორესპონდენციაზე] პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. და ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისეულ“ ლოგიკას – გზავნილის „დიპ სტეიტთან კავშირის“ შესახებ, – ამყარებს ის, რომ ამ გზავნილის გადაცემა სურდათ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისათვის, – რომელიც სანქცირებულია:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ. პრემიერ-მინისტრი არ არის. კონკრეტულ ადამიანებს, – დიპსტეიტის წარმომადგენლებს, – ჩვენი ლოგიკით, სურდათ ამ გზავნილის გადაცემა მაინცდამაინც იმ ადამინისთვის, რომელიც შანტაჟის ქვეშ იმყოფება. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ელჩი დანიგანი მას რომ შეხვედროდა, „რა თქმა უნდა, ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბატონ ბიძინა ივანიშვილამდე, ამის პრობლემა არ იყო“.
„თუ გზავნილის მიტანა გინდა მთლიანად ხელისუფლების ლიდერებამდე, ბიძინა ივანიშვილამდე, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებამდე, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია მიხვიდე, მაგალითად, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობის პირთან და შეგიძლია ეს გზავნილი გააზიარო. განსხვავება ეს იყო: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვები, არ იმყოფებიან არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. და მიზანი ეს იყო: სწორედ იმ ადამიანისთვის გაეზიარებინა „დიპ სტეიტს“ – არა ამერიკის შეერთებულ შტატებს – ის გზავნილი იმ ადამიანისთვის, რომელიც შანტაჟის ქვეშ იმყოფება“, – დასძინა კობახიძემ.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა სანქციები მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – განაცხადა მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ“ – კობახიძე
ტელეწამყვანის კითხვაზე, ახლა როგორ გეგმავს „ქართული ოცნება“ ურთიერთობების „გადატვირთვას“ შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან, კომუნიკაციის აღდგენას და ელის თუ არა აშშ-ის ახალ ელჩს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: რეალურად, ერთ დღეს გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს მივიღეთ აგრემანი, ანუ თანხმობა, საქართველოს ელჩის დანიშვნაზე. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი“.
· „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 10 ივნისს განაცხადეს, რომ თამარ ტალიაშვილმა მიიღო აგრემანი აშშ-ის ადმინისტრაციისგან;
· რობინ დანიგანმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ტოვებს ელჩის თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით.
· რობინ დანიგანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელჩის თანამდებობის დატოვება იყო მისი პირადი გადაწყვეტილება;
· მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან უპირველეს ყოვლისა „ელის ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტას“:
· „ხომ გესმით – აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
· ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა 12 ივნისს გამოცემა globalnews-ს განუცხადა:
· „მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”, –
ასევე ნახეთ რა ნაბიჯებს ელის აშშ „ქართული ოცნებისგან“? – ელჩი დანიგანის პასუხი
ელჩი რობინ დანიგანი 15 ივლისს დაემშვიდობა ქართულ საზოგადოებას. მანამდე, 3 ივლისს, მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. სწორედ ამ ინტერვიუში ისაუბრა მან „ქართული ოცნების“ მესვეურებთან კომუნიკაციაზე.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
ფორუმი
