კობახიძე, რომელმაც გერმანიის ელჩს „ე.წ. ელჩი“ უწოდა, ახალ კანცლერს არჩევას ულოცავს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს. გერმანიის მთავრობას სავიზო სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენებისათვის დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო.
„გულითადად ვულოცავ ბატონ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას. ვუსურვებ მას დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი ევროპული ერის ხელმძღვანელობაში“, – წერს ირაკლი პლატფორმა X-ზე.
იმ დროს, როდესაც გერმანიის ელჩს ირაკლი კობახიძე უწოდებს „ე.წ. ელჩს“, ხოლო გერმანიის ხელისუფლებასთან თბილისს დაძაბული ურთიერთობები აქვს, ფრიდრიხ მერცის არჩევის შემდეგ კობახიძე წერს:
„იმედი მაქვს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობით საქართველო-გერმანიის პარტნიორობა გაძლიერდება და შექმნის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა 2024 წლის 27 ნოემბერს განაცხადა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ჩიხშია. მისი განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „სიყვარულის და ზრუნვის ნიშანია“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაშორება უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე, ასევე მოჰყვება ახალგაზრდების ემიგრაციაც.
„მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, – ასე გამოეხმაურა მას ირაკლი კობახიძე 28 ნოემბერს.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ თანამდებობის პირებს საქართველოდან დამატებითი სანქციები 24 მარტს დაუწესა და განაცხადა: „თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად, საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ. მათ კვლავ პასუხობენ დაშინებით, დაპატიმრებითა და ძალადობით“.
მანამდე, 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, – რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, – ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
მოგვიანებით, 2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.
გერმანია, საქართველო და „ქართული ოცნება“
2022 წელს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირში, მათ შორის გერმანიაში, რომელიც მანამდე ტრადიციულად ამ საკითხზე სკეპტიკოსად ითვლებოდა, ბლოკის გაფართოებაზე კონსენსუსი შედგა – მათ შორის საქართველოს მიღებაზე.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებადაუპირისპირდა ევროკავშირთან ერთად, გერმანიის ხელისუფლებას – დემოკრატიული უკუსვლის გამო კრიტიკაზე პასუხად.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გერმანიაში ოპოზიციური, ულტრამემარჯვენე AfD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის“) შორის კავშირები იკვეთება.
· ევროპარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს პოლიტიკური ჯგუფი, სახელად „სუვერენულ ერთა ევროპა“. მას 720-წევრიან ევროპარლამენტში 25 წევრი ჰყავს. მათი უმეტესობა – 14 წევრი – არის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს წევრი.
· ოქტომბერში ევროპარლამენტში AfD-ის წევრ ჰანს ნოიჰოფის თანაავტორობით ინიციირებული იყო რეზოლუცია, რომელიც გმობდა ბრიუსელის „ჩარევას“ საქართველოს „შიდა საქმეებში“, – რეზოლუცია ჩავარდა.
· 2025 5 მაისს, – მას შემდეგ, რაც AfD გერმანიაში prექსტერმისტულ პარტიად გამოაცხადეს, „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა: „ეს [AfD] არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიპ სტეიტს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიპ სტეიტს“ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.

გერმანიის ბუნდესტაგმა ახალ კანცლერად კონსერვატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი 6 მაისს აირჩია. მას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 289 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. ეს სამშაბათს ჩატარებული მეორე კენჭისყრა იყო კანცლერის ასარჩევად. მანამდე მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.
ფორუმი