პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში “საინტერესო არ იყო”.
“საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ერთადერთი ეს იყო საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ ჩვენ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ჩვეულებრივი გამოსვლა”-თქვა კობახიძემ.
კობახიძეს ჟურნალისტებმა ზურაბიშვილის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ რეალურად ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ამის საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ “საერთოდ არ არის საინტერესო სალომე ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება”.
დღეს 6 თებერვალს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში ბოლო წლიური მოხსნება აქვს.