კობახიძე პატიმრებზე: ვიდრე არაა აღიარება და მონანიება, შეწყალებაზე საუბარი შეუძლებელია

ე.წ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, NGO-ებმა, აქტივისტებმა ამ ახალგაზრდებს  ჩაადენინეს კონკრეტული დანაშაული, ჩართეს ძალადობრივ, რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, მათ სიტყვებს ახლა არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ თვითონ არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ ახალგაზრდები ჩართეს. ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ  ფაქტია, რომ ჩართეს დანაშაულებრივ ქმედებებში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს.
ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება იგივე ამნისტიასთან, შეწყალებასთან, ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთქვით ერთი რამ – ვიდრე რაიმეზე დაიწყება საუბარი უნდა ვიხილოთ მონანიება და უნდა ვიხილოთ აღიარება და შესაბამისი მიმართვა და თხოვნა. ჩვენთვის ხომ არ არის ეს რაღაც თვითმიზანი, რომ ვიღაცამ ბოდიში მოიხადოს, ვიღაცამ აღიაროს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენს სახელმწიფოს. […]
ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, მსგავსი ტიპის დანაშაულები ჩადენილ იქნა მრავლად ასევე 2023 წელს, 2024 წელს ორჯერ. პირველ შემთხვევაში 1 პირი იყო დაკავებული, მეორე შემთხვევაში 6 პირი და ამან წამახალისებელი ეფექტი იქონია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. საბოლოო ჯამში, ბოლო შემთხვევაშიც, 500 პირი იყო ჩართული ძალადობრივ დანაშაულებრივ ქმედებებში და აქედან დაკავებულია მხოლოდ 30, მაგრამ ამან უკვე მოგვცა ჩვენ პრევენციული ეფექტი. შემდეგ 4 ოქტომბრის მოვლენებმა და მასზე სახელმწიფოს რეაგირებამ მოგვცა ჩვენ პრევენციული ეფექტი.
ესაა სუფთა პრაგმატული საკითხი – ვიდრე არაა აღიარება და მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა უნდა გადახედონ თავის პოზიციას.