ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით”. მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კობახიძემ თქვა, რომ “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”.
“შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი.
არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის ვიცესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო დიდ როლს ანიჭებს ეკონომიკური პოტენციალის, ე. წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი.
27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა.
27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.