ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს “ე.წ. ჟურნალისტსა და პარტიულ აქტივისტს” უწოდებს.
“ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული.
ყველა დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას ყველა ფაქტთან მიმართებით.
არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ”, – ამბობს ის.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმელების თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე 12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე.