პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ლარის გაუფასურებას “კონკრეტული სუბიექტის” საბოტაჟს აბრალებს, რომელსაც “ვერ ასახელებს”.
კობახიძე ლარის კურსის გაუფასურებას “ხელოვნურ ცვლილებებს” უკავშირებს და ირწმუნება, რომ გასულ 4 თვეში ქვეყანას 8%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
კობახიძე მორიგ შეთქმულების თეორიას ავრცელებს და ევროპელი მინისტრების ჩამოსვლისას “რევოლუციურ გეგმებზე” საუბრობს.
“ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა.
იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა”- თქვა კობახიძემ.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.