კობახიძე კვლავ საუბრობს ოპოზიციის შესაძლო აკრძალვაზე

პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც სცადოს.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვქონდა საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ირაკლი მ.
თუმცა კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას “კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლის რესურსი ნაკლებად აქვს’.
„შესაბამისად მგონია, რომ ძალიან მალე გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ და საბოლოო ჯამში, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე. აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო და პარლამენტში 89 დეპუტატი ეყოლება.