ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არა რუსეთმა, არამედ “სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა” დაიწყო, “გარე დაკვეთით – დიფ სთეითის დაკვეთით”.
ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და არ ახსენებს რუსეთს.
“ხვალ არის 8 აგვისტო. რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი გმირების ხსოვნას. ტრაგიკული რამ მოხდა, ბუნებრივია, 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში და თქვენ იცით, რით გაგრძელდა ეს ყველაფერი – 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ეს ომი. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმმა, არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ეს ომი.
არავითარ შემთხვევაში – სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ, ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს. […] ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა, გარედან, დიფ სთეითის მიერ დაკევთილი ღალატი. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარე დაკვეთით – დიფ სთეითის დაკვეთით”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
