პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი სითხის შესხმას “მძიმე ინციდენტს უწოდებს” და ამბობს, რომ “უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას”.
“რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს. მე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან… ნუ, რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე”- თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, ამით “ოპოზიციამ თავის სახე აჩვენა”. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე მადლობა გადაუხადა ცესკოს “არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის”.
“მე ვერ შევაფასებ ამას. ჩემი პრეროგატივა არაა ამის შეფასება, თუმცა ამას შეაფასებს ბუნებრივია, შესაბამისი უწყება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. ეს არაა ჩემი პრეროგატივა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ თავის სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.
მადლობას გადავუხდი ცესკოს კიდევ ერთხელ გაწეული საქმიანობისთვის. იმისათვის, რომ ცესკომ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება”- თქვა კობახიძემ.
***
ცესკოს სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება ცესკოს მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.