სანდრო დარახველიძეს შეუძლია ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ძალიან თამამად ისაუბროს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ განხილვებში მონაწილეობას შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე მიიღებს.
„თქვენ იცით, რომ ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს შეუძლია ძალიან თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომ „ფინური საგამოძიებო მედიის ცნობით, ქართული კომპანიები ჩართულები არიან რუსეთისთვის [სანქციებისგან] დახმარების პროცესში“. კობახიძის თქმით, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება.
„ასეთი სპეკულაციური განცხადება თქვენ უამრავი გაგიკეთებიათ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ყოველ ჯერზე, მათ შორის, კომისიური წესით, დაადასტურეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ არავითარი ასეთი ფაქტი არასდროს არ მომხდარა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების კეთება, თუმცა კომისიური წესით არის დადგენილი, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
თქვენ ნუ ნერვიულობთ. კომისიური წესით დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ დააზიანოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა ამას ვერ აკეთებთ იმიტომ, რომ კომისიური წესით დგინდება იმის საპირისპირო, რასაც თქვენ ამტკიცებთ. როდესაც საუბარია თქვენს მედიასაშუალებებზე, რა თქმა უნდა, სიცრუე არის თქვენი ხელწერა. რომელი ფინური? BBC და ფინური საგამოძიებო ჩემთვის ერთი და იმავეა“, – განაცხადა კობახიძემ.




