კობახიძე: ვთავაზობ ახალგაზრდებს საჯარო დისკუსიისთვის ათამდე ადამიანის გამოყოფას

პრემიერმინისტრი ირაკლი რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სთავაზობს ათამდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის გამოყოფას, რომელიც ჩაერთვება რუსული კანონის ირგვლივ გამართულ საჯარო დისკუსიაში.
ამის შესახებ კობახიძე ვრცელ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრემიერმინისტრის თქმით, კანონის ირგვლივ წინააღმდეგობრივი ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა, ხოლო ადამიანები, რომლებიც აქამდე გამჭვირვალობის კანონპროექტს რუსულად მიიჩნევდნენ, ახლა თვლიან, რომ კანონი რუსული არ არის და არც საქართველოს უშლის ევროინტეგრაციის გზაზე ხელს.
კობახიძე თვლის, რომ ახალგაზრდები რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში არა პოლიტიკური მოტივით, არამედ მცდარი წარმოდგენებით მონაწილეობენ – მისივე თქმით, ახალგაზრდებმა “გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლება შეექმნა”.
“შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე.
ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.
ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ”. – წერს კობახიძე.