კობახიძე-ერდოღანის შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. როგორც “კომერსანტს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ირაკლი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
“მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც უზრუნველყოფს ნდობის აღდგენასა და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო მინისტერიალი თურქეთში გაიმართება,” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის კიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს ირაკლი კობახიძე.