ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის ევროკავშირის საელჩოს და ამბობს, რომ “ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისულ მდგომარეობაშია”.
ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის საპატიმროში გაგზავნილ წერილს ეხებოდა. კერძოდ, საუბარია პაველ ჰერჩინსკის მიერ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილზე, რომელიც მოძრაობა დაფიონმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ოცნების პრემიერი ევროკავშირს კვლავ “ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში” ადანაშაულებს.
“ევროკავშირის საელჩოში, ყველამ იცით, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, იმ ფონზე, როცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
***
დღეს, 21 ოქტომბერს დაფიონმა გამოაქვეყნა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი, სადაც ელჩი პატიმარს სწერს, რომ “ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს”. ასევე, წერილში ელჩი კვლავ ამბობს, რომ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
გარდა ამისა, ელჩი ყურადღებას ამახვილებს ვიზალიბერალიზაციაზეც და ზვიად ცეცხლაძეს სწერს: “გმადლობთ ასევე, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევაა. ბოლო ანგარიშში მოცემული ვიზის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებთან შესაბამისობა შეფასდება ევროპის კომისიის მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება წლის ბოლომდე”.
ეს წერილი პასუხია ზვიად ცეცხლაძის მიერ ევროკავშირის ელჩისთვის 25 აგვისტოს გაგზავნილ წერილზე, სადაც სინდისის პატიმარი პაველ ჰერჩინსკის მიმართავს თხოვნით, დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, საქართველოს არ გააუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გააძევონ ევროსაბჭოდან.
