„დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება” — კობახიძე კითხვაზე, გახდება თუ არა ღარიბაშვილი გამოძიების ინტერესის საგანი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა”. — ასე უპასუხა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიების ინტერესის საგანი.
„ჩვენ ვნახეთ, [ჯუანშერ] ბურჭულაძე როგორ გახდა ინტერესის საგანი. გახდება თუ არა ღარიბაშვილი?” – იკითხა „ტვ პირველის” ჟურნალისტმა.
პასუხად კობახიძემ თქვა:
„სპეკულაციური, არასწორი და არაჯანსაღი კითხვები დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა”.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან.
„კი, კი არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იყო ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე.
„მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო კალაძის წარდგენაზე?
[არჩილ თალაკვაძე] მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და როგორც პოლიტიკოსი.
ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლას ცალკე სპეკულაციას მოაყოლებდით და არ გვინდა ეს სპეკულაციები”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ტვ პირველის” ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, შეიძლება თუ არა, ახალი პარტია შექმნას ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მას დააკავებენ.
კობახიძემ უპასუხა:
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია. მაგრამ სხვის მაგივრად როგორ გითხრათ, ვინ რა შეიძლება, დააპიროს. მე არ მგონია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც არის ჩვენი მიზანი – 64/64, პირველი ტური თბილისში და მინიმუმ, 38 დეპუტატი თბილისის საკრებულოში”.