ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წულუკიანის კომისიის კითხვებს გაურბის და სწორედ ამიტომ ითხოვს ის დისტანციურ რეჟიმში გამოკითხვას.
ოცნების პრემიერის თქმით, კომისიაში მისვლა თავად გახარიას ინტერესებში უნდა შედიოდეს.
“მე ზოგადად მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას და ამის გამო ითხოვს ის [კომისაზე დაკითხვის] განსხვავებულ ფორმას, ასე ვთქვათ, დიალოგისთვის, თუმცა მე მგონია, რომ სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს თუ იგი მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს, მაგრამ თუ მართალია მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც ვიცი, რომ, წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევა საგამოძიებო კომისიიდან არის, რა თქმა უნდა… ნუ შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს”, – განაცხადა ოცნების პრემიერმინისტრმა.
კობახიძე ირწმუნება, რომ დღეს გახარიას ნაბიჯები, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ქმედებების მსგავსია და დაამატა, რომ გახარიას დაკავების საკითხს შესაბამისი სტრუქტურები გადაწყვეტენ.
“მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდა. რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი არის დღესავით ნათელი. ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს. მე ვერავის ვერ დავიჭერ. რაც შეეხება ადამიანის დაჭერას, არ დაჭერას, ასეთ საკითხებს. ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ”, – თქვა მან.
***
პარტია საქართველოსთვის ცნობით, გიორგი გახარია მზადაა, თეა წულუკიანის კომისიაზე დისტანციურად გამოიკითხოს, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. თუმცა, პარტიის ცნობითვე, კომისია გახარიას ფიზიკურად გამოცხადებას ითხოვს.
“როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”, – წერია პარტიის განცხადებაში.
