“ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე.
ის ირწმუნება, რომ მათ ჯერ საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კენჭისყრიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა, ვისთვის დაეჭირათ მხარი. შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის შემდეგ, შაიხა ალ-ნუვაისის გარდა კიდევ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.
კობახიძემ ამჯერადაც არ დააკონკრეტა, რატომ გადაწყვიტეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა.
“ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, დაახლოებით 6 თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რამდენიმე დღეში გაიხსნება მშრალი პორტი თბილისში, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განხორციელებული ინვესტიცია. ეკონომიკური კუთხით, ტურიზმში, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა საამიროებთან და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იყო უალტერნატივო. მომავალშიც განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, გაცვალეს თუ არა პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანაში მხარდაჭერაში.
“[…] აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ინატროს სუს-მა, მოსადსაც კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.
საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ “ქართულმა ოცნებამ” გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაუცვალა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის კანდიდატურაში – საამიროებმა უზრუნველყვეს ბაჩიაშვილის საქართველოს საზღვართან მიყვანა, სადაც ის სუს-მა დააკავა, სანაცვლოდ კი საქართველომ მხარს დაუჭერს მათ კანდიდატს UNWTO-ში.
ამ თანამდებობას ქართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან იკავებს. მეორე ვადა მას 2025 წლის ბოლოს ეწურება. პოლოლიკაშვილი საქართველოს სახელით მესამე ვადით იყო წარდგენილი იმავე პოსტზე ასარჩევად. თუმცა დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მის ნაცვლადსაქართველოს სახელით მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს.
